საინტერესოცხოვრების წესიჯანმრთელობა

რა შემთხვევაში არაა სავალდებულო პირბადის გამოყენება?!

მთავრობამ გამოსცა დადგენილება ნომერ №368, რომელიც ქვეყანაში პირბადეების სავალდებულო წესით ტარებას განსაზღვრავს. დოკუმენტი „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.

დადგენილების მიხედვით, ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულების თავშეყრის ადგილებში, სადაც შეუძლებელია ადამიანებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება დაწესებულებების ლიფტებში.

სად არის პირბადის გამოყენება აუცილებელი:

● პირბადის გამოყენება აუცილებელია:
● დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:
● საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
● საერთო სარგებლობის ლიფტებში;
● სავაჭრო ობიექტებში;
● ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
● საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;
● „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
● ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.
● ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.

მთავრობის დადგენილებით, დაშვებულია გამონაკლისი შემთხვევები, როცა პირბადის გამოყენება სავალდებულო არ არის.

● თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცველ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;
● პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);
● 6 წლამდე ასაკის ბავშვს;
● პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;
● მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;
● პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.
● ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).
● საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.

მთავრობის დადგენილება პირბადის გამოყენების წესის შესახებ 2020 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდა.

ამ დადგენილების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close