სამართალისაქართველო

შსს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის 25 ივნისს გამოცემულ დოკუმენტში საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.

“მსოფლიოს მასშტაბით შეფასებული 190 სახელმწიფოდან, საქართველო ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს, სხვა 34 ქვეყანასთან ერთად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ სტანდარტებს. დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებული დანაყოფის არსებობა და მობილური ჯგუფების გაზრდის დადებით მხარე. ასევე, ხაზგასმულია აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის„TASK FORCE” ფუნქციონირება სპეციალიზებული გამომძიებლებისა და პროკურორების მონაწილეობით. ანგარიშში აღნიშნულია სამართალდამცველების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საბაზისო სასწავლო კურსში ტრეფიკინგის საგნის სწავლებას და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული პერმანენტული ტრენინგები.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენის, ტრეფიკიორთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა დახმარების მიზნით სამართალდამცავ უწყებათა ძალისხმევის გაძლიერება. პრიორიტეტული რეკომენდაციები მიმართულია მსხვერპლთა პროაქტიური იდენტიფიცირებისკენ, სამართალდამცველთა შესაძლებლობების განვითარებისკენ, გამოიძიონ ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულები(ფულის გათეთრება, ორგანიზებული დანაშაული, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება და სხვა), მსხვერპლთა მხარდაჭერისა და მათთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ. დოკუმენტში ასახულია გამოძიებული საქმეების, სისხლისსამართლებრივი დევნის, განაჩენების სტატისტიკური მონაცემები, რაც არის უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგი.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახდენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებიც შეფასებულია პოზიტიურად, მათ შორის, ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზის არსებობა.

ტრეფიკინგის ტენდენციად კვლავ ნარჩუნდება შუა აზიის ქვეყნებიდან ქალთა ყალბი დაპირებებით ჩამოყვანა და შემდგომ მათი სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს გავლით, მეზობელ ქვეყნებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შრომითი მიგრაციით მიემგზავრებიან. ტრადიციულად, ანგარიშს თან ახლავს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close