საქართველოავტო

სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადამ შესაძლოა, 2021 წლის 31 მარტამდე გადაიწიოს

სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადამ შესაძლოა, 2021 წლის 31 მარტამდე გადაიწიოს. აღნიშნულს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს გამარტივებული წესით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტი კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.

„აღნიშნული ცვლილების მიზანია ე.წ. ძველი ნომრებისთვის მოქმედების ვადის გადაწევა. მოგეხსენებათ, ამ ნომრებისთვის ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბერს. დღეის მდგომარეობით, დარჩენილია 531 579 ძველი ნომერი. ეს ავტომობილები მოძრაობენ ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ვადა თუ არ გადაიწევს, ეს გამოიწვევს გაზრდილ რიგებს მომსახურების სააგენტოსთან. ბუნებრივია, ამ ნომრების დაგროვებას ასევე ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, „კოვიდ“ პანდემიამ. ამასთან, მომსახურების სააგენტოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზოგადად შეჩერებული ჰქონდა სერვისების გაცემა და ბუნებრივია, მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ნომრების შეცვლა. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, აღნიშნული კანონის მოქმედების ვადა გადაიწიოს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ კამპანიას, რათა მოხდეს ამ ნომრების ჩანაცვლება და ეს დრო ვფიქრობთ, საკმარისი იქნება, რომ გადავიდეთ თანამედროვე, ახალი ტიპის სანომრე ნიშნებზე და ძველი სანომრე ნიშნების რაოდენობა მაქსიმალურად მინიმალურ დონეზე იქნას დაყვანილი“, – განაცხადა დარახველიძემ.

კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეცხრე პუნქტში და განისაზღვრება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით, ნაცვლად 2020 წლის პირველი სექტემბრისა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close