პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც პირადი ცხოვრება მთებს შესწირა

20-11-2023
203
Aa

1953 წლის ზაფხულში მეცხრამეტედ და უკანასკნელად ავიდა მყინვარწვერზე. მისი 30-წლიანი მთამსვლელობის კარიერა 100-ზე მეტ ასვლას ითვლის კავნასიონზე. მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა მამაკაცმა. ის პირველი ქართველი ქალი ალპინისტია, რომელმაც უშბასა და თეთნულდზე ფეხი დადგა…



 


ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი და სპორტის დამსახურებული ოსტატი, ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წლის 11 თებერვალს ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში დაიბადა. მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. სულ შვიდნი – ორი და და ხუთი ძმა ყოფილან.

მისი მომავალი უფროს ძმას გადაუწვეტია. მისი ინიციატივითა და სურვილით, პატარა ალექსანდრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში შეუყვანიათ სასწავლებლად. მისი დამთავრების შემდეგ, ლეჩხუმში წასულა მასწავლებლად. შემდეგ ხრეითში დაბრუნებულა და იქ გაუგრძელებია პედაგოგიური მოღვაწეობა. სანამ სოფელში ფიცრული სკოლა აშენდებოდა, თანასოფლელებს სახლში ამეცადინებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, თბილისის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი გეოფიზიკურ ობსერვატორიაში სინოპტიკოსად დაუწყია მუშაობა.

 

პირველი ექსპედიცია

 

1923 წელს საქართველოს გეოფიზიკურმა ობსერვატორიამ, მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო. ალექსანდრა ჯაფარიძე ჯგუფში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა. ასე იხსენებს მყინვარწვერთან მიახლოებას ალექსანდრა ჯაფარიძე პირად ჩანაწერებში.

 

„მშვენიერი ამინდია, არც ერთი ღრუბელი ცაზე. გავიხედე მწვერვალისკენ… მზის პირველი სხივები ანათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგან  აქა-იქ შავი კლდეები მოჩანს  თოვლ – ყინულიდან, გარემო ჩრდილს მოუცავს და ისედაც ამაყსა და ლამაზს, მზის სხივები მეტ სიამაყესა და სიმშვენიერეს მატებენ. გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო.

ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა. მე ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიჩენდი მერყეობას წამოსვლის დროს… მოთმინება მეკარგება, როდის გავეშურებით მისკენ… მივდივართ და… გვინდა მიუდგომელს მივუდგეთ, მიუწვდომელს მივწვდეთ, მისი გულის სიღრმეში ჩავიხედოთ, იქ სინამდვილე ამოვიკითხოთ, რომელიც ჯერ არავისთვის მისაწვდომი არ გამხდარა. ამაში თვით იგია დამნაშავე: მკაცრია, სუსხიანი, თავის გულს არავის გადაუშლის ასე ადვილად.“

 

ალექსანდრა მყინვარწვერზე მეორედ, ორი წლის შემდეგ, ისევ გეოფიზიკური ობსერვატორიის ჯგუფთან ერთად ავიდა. ორჯერ დაპყრობილმა მყინვარწვერმა ისე მოაჯადოვა, რომ მას შემდეგ მთამსვლელობისთვის თავი აღარ დაუნებებია.

 

უშბისა და თეთნულდის დაპყრობა

 

„1924 წელს, „გეოგრაფიული საზოგადოება“ დაარსდა. მთამსვლელთა, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ მთასვლა-მგზავრობის განყოფილების გამგედ გიორგი ნიკოლაძე დაუნიშნავთ. 1925 წელს ნიკოლაძის მიერ იალბუზზე მოწყობილ ექსპედიციაში ალექსანდრას ძმას, სიმონსაც მიუღია მონაწილეობა. ის კარგი ორგანიზატორი და საუკეთესო მოსიარულე აღმოჩნდა.

 

ერთი წლის შემდეგ, როდესაც გიორგი ნიკოლაძე უცხოეთში გაემგზავრა, თანამდებობა სიმონ ჯაფარიძისთვის გადაულოცია. ქართული ალპინიზმის ისტორიას რომ გადავხედოთ, 20-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპედიციები, სწორედ სიმონის სახელს უკავშირდება. მან განახორციელა პირველი კინოექსპედიცია და მყინვარწვერზე 41 კაცი, მათ შორის 7 ქალი აიყვანა.

 

პირველად, საბჭოთა ალპინიზმის ისტორიაში, 5 000 მეტრ სიმაღლეზე ორი კინოაპარატი  ამუშავდა. სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი მთამსვლელური ფილმი – „კავკასიის კარიბჭე“. პროფესიით გეოლოგმა (რომელმაც კახეთში აღმოაჩინა ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადო), მეცნიერული თვალსაზრისით, დასთან ერთად დაიწყო მყინვარწვერის შესწავლა.

პირველი მეტეოჯიხური, რომელიც 24-საათიან აღრიცხვას აწარმოებდა და ტემპერატურის ცვალებადობას აფიქსირდება, მყინვარწვერზე სიმონმა და ალექსანდრამ დადგეს“.- იხსენებს ალექსანდრა ჯაფარიძის ძმისშვილი ვანო ჯაფარიძე.

 

ალექსანდრასა და სიმონის შემდეგ, მთამსვლელობით მათი ძმა, ალიოშაც დაინტერესებულა. სიმონ ჯაფარიძე 1929 წელს, თეთნულდზე ექსპედიციის დროს დაიღუპა. სწორედ ამ დღეს, ალექსანდრასა და ალიოშას, ძმის საფლავზე ფიცი დაუდიათ, წლისთავზე თეთნულდს დავიპყრობთო.

 

ერთი წლის შემდეგ, თეთნულდი პირველად დაიპყრო ქალმა და ეს ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე იყო. ამ ექსპედიციაში, ჯაფარიძეებთან ერთად, იაგორ კაზალიკაშვილსა და ადსილ ავალიანსაც მიუღიათ მონაწილეობა. მაშინ ალექსანდრა 35 წლის იყო.

 

„1934 წელს, ალექსანდრასა და ალიოშას, იაგორ კაზალიკაშვილთან და გიო ნიგურიანთან ერთად უშბის დაპყრობა გადაუწყვეტიათ. უშბაზე მიმავალ ოთხკაციან ექსპედიციას, პირველი სირთულე, საკმაოდ დიდი წვალების შემდეგ, შებინდებისას გადაულახავთ. მწვერვალამდე 200 მეტრი იყო დარჩენილი, რომ შემოაღამდათ. იმ ადგილას ერთი ადამიანი თუ გაათევდა ღამეს. უკან უნდა დაეხიათ…

 

ალექსანდრამ კარგად იცოდა, რომ, თუ ისინი უკან დაბრუნდებოდნენ, მეორე დღეს რთული გზის გაგრძელებაზე შესაძლოა, უარი ეთქვათ. თანამგზავრებს შესთავაზა: მე დავრჩები და თქვენ ჩადითო. მთელი ღამე კლდეზე დაკიდებულს მარტოს გაუთევია. მეორე დღეს უშბის სამხრეთი მწვერვალი დაიპყრეს“.- ამბობს ვანო ჯაფარიძე.

 

მთებს შეწირული პირადი ცხოვრება

 

არ მახსოვს, ფრჩხილი ერთხელ მაინც წამყინვოდესო, – ასე იწყებდა ექსპედიციებზე ისტორიების თხრობას. მაშინ არც სპეცტანსაცმელი, არც საძილე ტომარა და არც ნორმალური კარავი ჰქონდათ. ყველაფერს საკუთარი ხელით კერავდნენ. იმდენად მოწესრიგებული ადამიანი ყოფილა, რომ მას ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემა არასდროს შექმნია. ქალურ სიფრთხილესა და თადარიგს ყოველთვის იჭერდა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი.

უამრავი ჯილდოს მფლობელს, ოჯახი არ შეუქმნია. ოჯახის შექმნას, საკუთარი საქმის სიყვარული და მთები ანაცვალა. ის მწვერვალებზე იყო შეყვარებული…

 

ამ თემაზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდა. ერთხელ ძმიშვილს უკითხავს, რატომ არ გათხოვდიო, და ასე უპასუხია, როდის მომესწროო… ალექსანდრას ძმის  მეგობარს ჰყვარებია, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა. ამის გამო ახალგაზრდა კაცს ორჯერ თვითმკვლელობაც უცდია. საბოლოოდ ისიც დასაოჯახებელი დარჩა და ტრაგიკულად დაიღუპა.

 


ბეთლემის გამოქვაბული

 

1945 წელს, უშბა-შხელდის ტრავერსის დროს, ალექსანდრას მეორე ძმა ჯგუფთან ერთად დაიღუპა. ალიოშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, მთამსვლელ ქალბატონს „პიონერთა სასახლეში“ პედაგოგად დაუწყია მუშაობა.

 

იმ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით მოეწყო კავკასიონზე ბავშვთა ალპინისტური ლაშქრობა, რომელიც დღემდე საბჭოთა კავშირში მოუხსნელი რეკორდია. 14-დან 16 წლამდე ასაკის 10-ზე მეტ მოზარდთან ერთად, 9 მწვერვალი დალაშქრა.

 

ლეგენდადქცეული ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა და კვლევა ალექსანდრასთანაა დაკავშირებული.

1948 წლის 7 იანვარს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4 100 მეტრ სიმაღლეზე გამოკვეთილი გამოქვაბული პირველმა მან ნახა. როდესაც იქ შესულა, XII საუკუნის უძველესი დროშა-ხატი, ბრინჯაოს შანდლის ძირი, ხის ყუთი და დასაჯდომი ქვა დახვედრია.

 

2 000 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ნიკოლოზისა და მეუფე პეტრეს ხელდასხმით, ამ გამოქვაბულის ძირში  პატარა ტაძარი ჩაიდგა, სადაც ყოველ 7 იანვარს წირვა-ლოცვა აღევლინება.

 

ის 1974 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვერის პარკში დაკრძალეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის წიგნი „ანაპურნა“ ქართულ ენაზე თარგმნა.


წყარო: პრაიმტაიმი

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული